ჯამში ჩაასხით 150 გრამი თბილი წყალი. დაამატეთ მარილი, შაქარი, კვერცხი, საფუარი, რძის ფხვნილი და ეს ყველაფერი ხელით გახსენით (არ ათქვიფოთ). როგორც კი შენიშნავთ, რომ ინგრედიენტები კარგად გაიხსნა, დაამატეთ პურის ფქვილი და გააგრძელეთ ცომის მოზელა ხელით. დაახლოებით, 5-10 წუთის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თქვენი ცომი ელასტიკური, პრიალა და რბილია. დაამატეთ ზეთი და კარგად შეაზილეთ. გადააფარეთ ჯერ პარკი, შემდეგ ტილო და თბილად შეფუთეთ. იმისთვის, რომ დრო დაზოგოთ, სანამ ცომი ამოვა, შეგიძლიათ, ცალკე ჯამში ყველი გახეხოთ. მიღებულ რაოდენობას მოაკელით, დაახლოებით, 50 გრამი ყველი და ცალკე ჯამზე გადაიტანეთ. დარჩენილ, 300 გრამ გახეხილ ყველს დაახალეთ ერთი კვერცხი, დაამატეთ 20 გრამი მარგარინი და კარგად შეურიეთ ერთმანეთში. ამასობაში, 15-20 წუთიც გავიდა. გახსენით შეფუთული ცომი და ხელახლა ჩაზილეთ. კვლავ წინანდებურად შეფუთეთ და ახლა უკვე ათ წუთში ამოიღეთ გუნდები. მაგიდაზე დაყარეთ ფქვილი, გააბრტყელეთ გუნდები, ცომის შუაგულში მოათავსეთ 300 გრამი გახეხილი ყველი, ცომი შეკარით, გაუკეთეთ შუაში პატარა ნახვრეტი, ამოატრიალეთ და ფრთხილად გააბრტყელეთ ხელებით - ისე, რომ ცომი არ გაიხვრიტოს. ცალკე ჯამში მოთავსებულ 50 გრამ გახეხილ ყველს დაამატეთ 1 ცალი ათქვეფილი კვერცხი და ზემოდან თანაბრად გადაანაწილეთ გამოსაცხობად მომზადებულ ხაჭაპურზე. გამოსაცხობი ხაჭაპური მშრალ ტაფაზე გადაიტანეთ და 300 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით. გამოცხობას, დაახლოებით, 10 წუთი დასჭირდება. ღუმელიდან გამოღებულ ხაჭაპურს კარაქი გადაუსვით.
შენიშვნა: თუკი ამოსულ ცომს 1 საათით მაცივარში შეინახავთ, ხაჭაპური გაცილებით გემრიელი გამოგივათ.